Thursday, April 5, 2012

პროექტი–,,ბირთვული ხანის პირამიდები"

1)  სასწავლო პროექტის სახელწოდება: ,,ბირთვული ხანის პირამიდები"

2)  პროექტის მთავარი იდეა (თემა)1–2 წინადადებით: გრანდიოზული მასშტაბების ლაბორატორია ,,CERN"–ის ექსპერიმენტების გაცნობა–შესწავლა, ,,CERN"–ის  მისიისა და იქ მომუშავე  ქართველელ მეცნიერთა ღვაწლის კვლევა. პასუხების მოძებნა კითხვებზე: რისგან  შედგება სამყარო?  როგორ წარმოიქმნა სამყარო?  რა მოხდა დიდი აფეთქების  დროს? როგორ  გაჩნდა  სინათლე?...

3)  პროექტის  აქტუალობა:  პროექტი  აქტუალურია  იმით, რომ გაამდიდრებს  მოსწავლეთა  ინფორმაციულ  ცოდნას,   ,,CERN"–ის  მისიის  კვლევა  ხელს  შეუწყობს  მათ  მოტივაციას,  რომ  მიაღწიონ  აკადემიურ  წარმატებებს, რათა  თვითონაც  ჰქონდეთ  დიდი  შესაძლებლობა  მოხვდნენ  იქ, დიდ მეცნიერთა გვერდით,  როგორც  პროფესიონალები.
     ამ  ლაბორატორიაში  მიმდინარე  პროცესების  და  ექსპერიმენტების  შედეგების  შესწავლა  დაეხმარება  მათ გაიაზრონ, თუ  რა გავლენას ახდენს  ეს პროცესები  საზოგადოების  განვითარებაზე და გარემოზე,  გამოიწვევს  თუ არა ეს  პროცესები  შავი  ხვრელების გაჩენას, მოძებნიან გია დვალის ლექციებს ფუნდამენტურ ფიზიკასა და კოსმოლოგიაზე, დამატებით განზომილებებზე,  გააკეთებენ  ანალიზს და გამოიტანენ  საკუთარ დასკვნებს.

4)  პროექტის  მიზნები:  მეცნიერებისა და ტექნიკის  ერთ–ერთი ყველაზე გრანდიოზული  მიღწევის–ელემენტარულ ნაწილაკთა ამაჩქარებლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება,მისი მოქმედების პრინციპის გაცნობა და შეფასება იმისა, თუ  რამდენად  მნიშვნელოვანია  მაღალი  ენერგიების  ელემენტარულ  ნაწილაკთა ურთიერთქმედების  კვლევა თანამედროვე  მეცნიერების  სხვადასხვა დარგების  (ფიზიკის, ქიმიის,  მიკრობიოლოგიის,  მედიცინის)  განვითარებისთვის.

5)  მონაწილეთა  ასაკი:  16–17  წელი.  XI კლასი.

6)  ვადები/ ხანგრძლივობა:  2  თვე.

7)  მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება შეიქმნას:
ამ  პროექტზე  მუშაობისას  მოსწავლეებს  განუვითარდებათ კვლევის,  თანამშრომლობის, კომუნიკაციის,  ანალიზის,  დასკვნის  გამოტანის,  სხვადასხვა  ინფორმაციის  ერთმანეთთან  შეჯერების  და  ყველაზე  მნიშვნელოვანის  გამორჩევის,  დახარისხების,  დროის  რაციონალურად  გამოყენების,  ჯგუფური  მუშაობის, სხვადასხვა  მრავალფეროვანი  რესურსების  ერთდროულად  და თანმიმდევრულად  და ისტ–ის  ორგანიზებულად  გამოყენების  უნარ–ჩვევები.  გამართავენ  დისკუსიას,  შექმნიან  პროექტის  პრეზენტაციის კომპიუტერულ  ვარიანტს, გამოუშვებენ  კედლის  გაზეთს, განათავსებენ  პროექტის  დასრულებულ  მზა  პროდუქტს  ბლოგზე.

8) პროექტისათვის საჭირო  რესურსები: კომპიუტერი,  ინტერნეტი,  ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, ჟურნალი  ,,junior", ფორმატის ქაღალდი, მარკერები, ფოტო და ვიდეო მასალები.

9)  პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):  

ა) მოსწავლეები  არჩევენ აქტუალურ  თემას სათაურით:  ,,ბირთვული  ხანის  პირამიდები" და განსაზღვრავენ  მიზანს;

ბ)   იქმნება  საპროექტო ჯგუფები;

გ)  ჯგუფის  წევრები  გაინაწილებენ  მოვალეობებს;

დ)  პროექტის მოსამზადებლად  ჯგუფი ანხორციელებს  შემდეგ  აქტივობებს:
   ინტერნეტის საძიებო  სისტემაში  ეძებენ  ,,CERN"–ის შესახებ ყველანაირ  ინფორმაციას: ექსპერიმენტებს,  კვლევებს, მისიას,   ,,CERN"–ის ქართველების,  გია დვალის შრომების  ,,დამატებითი  განზომილებების"–ა და ,,CERN"-ის აღმოჩენების მედიცინასთან  კავშირის  შესახებ, სტუმრობენ ერთ–ერთ სამედიცინო დაწესებულებას კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის მუშაობის პრინციპის  გაცნობის  მიზნით. 
  შედიან   ,,CERN"–ის ვებ გვერდზე და თარგმნიან უცხოენოვან მასალას.  ეძებენ მასწავლებლის მიერ  მითითებულ  მისამართზე  ,,CERN"–ის მეცნიერთა სალექციო კურსის პრეზენტაციებს,  რომლებიც  ,,CERN"–ში კვალიფიკაციის ამაღლების  მიზნით ჩასულ  მასწავლებლებს  ჩაუტარდათ,  ეცნობიან  ჟურნალ  ,,junior"ის ინფორმაციებს,  მუშაობენ  ბიბლიოთეკაში,  ეძებენ  ინფორმაციებს  შავი  ხვრელების  შესახებ, სტუმრობენ  აბასთუმნის  ობსერვატორიას და უკავშირებენ ცერნის  კვლევებს.  ეცნობიან  ცერნის მისიას, ინფორმაციას ნიჭიერი  მოსწავლეებისთვის  კონკურსებისა და საზაფხულო  ბანაკების  შესახებ. ეძებენ  ყველანაირ  აუდიო,  ფოტო  და ვიდეო  მასალებს.
   მართავენ  დისკუსიას, ახარისხებენ  მოძიებულ  ინფორმაციებს, მოამზადებენ  კედლის  გაზეთს, პრეზენტაციის  კომპიუტერულ  ვერსიას. იმუშავებენ  საოფისე  პროგრამებში: Power Point, Word,  Excel; 

ე) გამოაკრავენ  კედლის  გაზეთს  სკოლის  დერეფანში საბუნებისმეტყველო  მეცნიერებებისთვის განკუთვნილ  კედელზე,  მოაწყობენ  პროექტის  პრეზენტაციას  საკონფერენციო  დარბაზში ფართო  აუდიტორიისათვის,  განხორციელებული  პროექტის  მზა  პროდუქტს  განათავსებენ  ბლოგზე;

ვ)  ბოლოს  მოხდება  პროექტის  შეფასება. მოსწავლეები  წარმოადგენენ პროექტზე მუშაობის  ანგარიშს, მასწავლებელი კი მათ  მუშაობას  შეაფასებს შეფასების  რუბრიკის  საშუალებით. 

10)  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: მიკროსამყაროში  მიმდინარე  პროცესების  გამოკვლევა  შეუძლებელია მაღალი  ენერგიის დამუხტულ  ნაწილაკთა  ნაკადის  გარეშე. ასეთი  ნაკადის  მიღება  შესაძლებელია ამაჩქარებლების საშუალებით.  ცერნის  ექსპერიმენტები მაღალი ენერგიების  ნაწილაკთა შეჯახებას  უკავშირდება. აღნიშნული პროექტის  განხორციელება დაეხმარება  მოსწავლეებს  ესგ–ის  მიხედვით დადგენილი შედეგების  მიღწევაში. კერძოდ, გაანალიზებენ ცვლადი ელექტრული და მაგნიტური ველების თვისებებს და ახსნიან მათ კავშირს ელექტრომაგნიტურ ტალღებთან, გამოიკვლევენ ელექტრომაგნიტური ინდუქციას, შეძლებენ გაანალიზებას, თუ როგორ ხდება ლორენცის ძალის გამოყენებით ელექტრონული ნაკადების მართვა. პროექტის  განხორციელებისას ისინი  ისწავლიან,  თუ  როგორ  დაუკავშირონ ცერნის კვლევები  ესგ–ით დადგენილ  საგაკვეთილო  პროგრამას  და  ამოხსნან პრაქტიკული ამოცანები ამაჩქარებელში მიმდინარე ელ. მაგნიტური პროცესებისა და ამ  ექსპერიმენტების მონაცემების მიხედვით. გამოუმუშავდებათ ესგ–ით დადგენილი ზემოთ აღნიშნული უნარ–ჩვევები;

11) პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  მაია  თათეშვილი;

12) ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:       tateshvilimaia@gmail.com

13) პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: tateshvilimaia.blogspot.com